English / ქართული / русский /
სიმონ გელაშვილინინო აბესაძემარინე მინდორაშვილი
მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტზეCOVID-19-ის გავლენის სტატისტიკური შესწავლის პროგრამულ-მეთოდოლოგიური საკითხები

ანოტაცია. სტატია[1] მიზნად ისახავს  მოსახლეობის  ცხოვრების სტანდარტზე მიმდინარე პანდემიის  გავლენის რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასების მეთოდოლოგიური საკითხების გაშუქებას, რაც ითვალისწინებს როგორც სათანადო მონაცემების შეგროვებას და კვლევის ინფორმაციული ბაზის ფორმირებას, ისე მიღებული ინფორმაციის დამუშავებას და ადეკვატური მაჩვენებლების გაანგარიშებას; პანდემიის შედეგად მოსახლეობის შემოსავლებისა და ხარჯების მოცულობისა და სტრუქტურული ცვლილებების დადგენას; მოსახლეობის  ცხოვრების სტანდარტის კომპლექსურ თვისებრივ და სტატისტიკურ ანალიზს.

კვლევა მთლიანობაში ორი ეტაპისგან შედგება: პირველი, კვლევის პროგრამულ-მეთოდოლოგიური, საორგანიზაციო და საველე ეტაპი ხოლო მეორე - მოპოვებული ინფორმაციის კომპიუტერული დამუშავებისათვის საჭირო ცხრილების მაკეტებისა და ალგორითმების შედგენას, რომლებშიც მოთავსდება ციფრობრივი  შედეგები. 

საკვანძო სიტყვები: ცხოვრების სტანდარტი, შინამეურნეობა, სტატისტიკური კვლევა, მეთოდოლოგია, სტატისტიკური ანალიზი. 

შესავალი

2020 წლის დასაწყისიდან COVID-19 პანდემია, მეტ-ნაკლები მასშტაბით, გავრცელდა პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში და მან მნიშვნელოვანი ზომით გაუთვალისწინებელი ნეგატიური გავლენა მოახდინა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე, განსაკუთრებით ეკონომიკაზე და ადამიანთა სოციალურ ყოფაზე. შესა­ბამისად, უფრო გამწვავდა ქვეყნის დემოგრაფიული, ეკონომიკური, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მდგომარეობა. ყოველივე აღნიშნულს თან ერთვის საქართველოს მცირე და სუსტი ეკონომიკა და მეტად შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობები. მსოფლიო ისტორიაში პირველად, მიმდინარე ლოკალური, რეგიონული თუ გლობალური ეკონომიკური კრიზისის მთავარი გამომწვევი ფაქტორი არა უშუალოდ ეკონომიკაში ან მის მართვაშია, არამედ განპირობებულია სხვა, მეტად ძლიერი ეგზოგენური ფაქტორის - COVID-19 პანდემიის ზემოქმედებით. ეს გავლენა მრავალმხრივია და კომპლექსურ რაოდენობრივ და თვისებრივ კვლევას საჭიროებს. აქედან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტზე კორონავირუსის პანდემიის გავლენის რაოდენობრივ და ხარისხობრივ კვლევას დიდი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, მით უფრო, რომ ანალოგიური კვლევა საქართველოში დღემდე არ ჩატარებულა. ასეთი კვლევის შედეგები კი ხელს შეუწყობს კონცეპტუალური და რეალური პოლიტიკის შემუშავებას, დასაბუთებული და ოპტიმალური მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებას (მათ შორის ეკონომიკასა და სოციალურ სფეროში) ყველა იერარქიულ დონეზე, რასაც იმავდროულად პრევენციული ხასიათიც ექნება. 

კვლევის ობიექტი, საგანი და  მეთოდოლოგია 

მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტის სტატისტიკური შესწავლის ობიექტია საქართველოს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების (უსდ) სტუდენტთა შინამეურნეობები, ხოლო კვლევის საგანს წარმოადგენს მათი შემოსავლებისა და ხარჯების მოცულობა და სტრუქტურა. 

კვლევის პროცესში გამოყენებული იქნა სტატისტიკური მეცნიერების თითქმის ყველა მეთოდი, კერძოდ: შერჩევითი დაკვირვება, მონაცემთა ტიპოლოგიური, სტრუქტურული და ანალიზური დაჯგუფებანი, შეფარდებითი, საშუალო, ვარიაციის და კორელაციური ანალიზის მეთოდები, აგრეთვე სტატისტიკური კომპიუტერული პროგრამა SPSS.

კითხვარი 27 კითხვისგან შედგება და სამ ნაწილად არის გაყოფილი, მაქსიმალურად არის მორგებული რესპონდენტების ინტერესებზე და ტვირთის შემსუბუქების მიზნით შევსების ხანგრძლივობა 1-დან 12 წუთამდე მერყეობს. კითხვარის პარამეტრების, შევსების სირთულეებისა თუ ხარვეზების შესახებ  ინფორმაცია მივიღეთ მისი გატესტვის შედეგად ფოკუს-ჯგუფებში, რომლებიც   შეიქმნა სტუდენტების სწავლების საფეხურის შესაბამისად და მათ მუშაობაში ჩართული იყვნენ მშობლებიც.

კითხვარის პირველ სექტორში წარმოდგენილია შეკითხვები სტუდენტების დემოგრაფიული და სოციალური მონაცემების (სქესობრივ-ასაკობრივი, ეთნიკური, საცხოვრებელი ადგილის, უმაღლესი სასწავლებლის მდებარეობის, სტუდენტური სტატუსის, განათლების საფეხურის, შინამეურნეობაში მცხოვრებთა, მათ შორის სტუდენტების, სკოლამდელი, სასკოლო და ხანდაზმულების რაოდენობის, მშობლების საშუალო ასაკის, სწავლის გადასახადის დაფინანსების სახის და დასაქმების) შესახებ.  მეორე სექტორი იკვლევს სტდენტის მოსაზრებას მისი შინამეურნეობის შემოსავლისა(დაქირავებული შრომიდან, თვითდასაქმებიდან, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან, ქონებიდან (გაქირავებიდან, პროცენტი ანაბრიდან), პენსიები, სტიპენდიები, დახმარებები, უცხოეთიდან მიღებული გზავნილებიდან, საჩუქრად მიღებული ფულიდან, ქონების გაყიდვა, ფულის სესხება ან დანაზოგის გამოყენებიდან) და ხარჯების (სურსათზე, სასმელზე, თამბაქოს ნაწარმზე, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, საოჯახო მოხმარების საქონელზე, ჯანმრთელობის დაცვაზე, საცხოვრებელ სახლზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, გაზზე და სხვა სათბობზე, ტრანსპორტზე, განათლებაზე, სხვა სამომხმარებლო ხარჯებზე, სასოფლო–სამეურნეო ხარჯებზე, ტრანსფერტებზე, დაზოგვაზე ან გასესხებაზე, ქონების შეძენაზე) სტატუსს, პანდემიის პირობებში დაფიქსირებულ ცვლილებებს შემოსავლებსა და ხარჯებში, ასევე ცხოვრების სტანდარტის ცვლილებას მატერიალური და არამატერიალური ფაქტორების გათვალისწინებით, ასევე სტუდენტის სამომავლო შეხედულებას მისი შინამეურნეობის შემოსავლის სტატუსის შესახებ. მესამე სექცია მშობლების მოსაზრებაზეა აგებული და იგივე კითხვებზე პასუხს ითვალისწინებს შემოსავლებსა და ხარჯებზე, რაზეც სტუდენტებმა უპასუხეს.

სტუდენტების შერჩევითი ერთობლიობის განსაზღვრა მოხდა კომბინირებული წესით, საფეხურობრივი თანმიმდევრობით: ჯერ სტუდენტების საერთო რაოდენობის მიხედვით-  

როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უმაღლეს სასწავლებლებში  - 148 803[2] (2019/20 სასწავლო წლის მდგომარეობით, საქსტატი). შემდეგ მოხდა მათი გადანაწილება სწავლის საფეხურის მიხედვით: ბაკალავრიატი - 111 187, მაგისტრატურა - 33 925 და დოქტორანტურა - 3 011 სტუდენტი. ასაკობრივ ჭრილში ასე განაწილდა: 19 წლამდე ასაკის - 27.5%, 20-24 წლიანთა ინტერვალში - 60.3% და 25 წელზე ზევით - 12.1%. ბოლოს, სქესის მიხედვით სტუდენტების კონტინგენტი თანაბარი სქესობრივი განაწილებით ხასიათდება, ანუ 50/50.

კვლევაში, რომელიც გუგლის ჩაშენებული აპლიკაციის დახმარებით ელექტრონულად განხორციელდა, მონაწილეობა მიიღო 1067-მა სტუდენტმა (95%-სანდოობით, როდესაც ნდობის ინტერვალი 3-ის ტოლია, შერჩევის ზომამ  1060შეადგინა);  მათგან  775 ქალია (72.8%), ხოლო 290  კაცი (27.2%). ასაკობრივ ჯგუფებში სტუდენტების განაწილება არათანაბარია. როგორც მოსალოდნელი იყო, კვლევაში უმეტესობა წარმოდგენილია 20-24 წლიანთა კატეგორიით, სადაც ასევე სჭარბობენ ქალები (71%). 

დიაგრამა 1. რესპონდენტების განაწილება სქესობრივ-ასაკობრივი ნიშნით [3]

 

წყარო:  დიაგრამა აგებულია ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით. 

ასევე, კვლევაში სტუდენტების დაჯგუფება  მოხდა რეგიონული ნიშნით. კერძოდ, უსდ-ების წილის მიხედვით განისაზღვრა საუნივერსიტეტო ქალაქების  სტუდენტთა მოსალოდნელი რიცხოვნობა: 

ცხრილი 1

კვლევაში მონაწილე უსდ-ების სიხშირული განაწილება 

 

რესპონდენტების ფაქტობრივი რაოდენობა

%

რესპონდენტების დაგეგმილი რაოდენობა

გადახრა

თბილისი

435

40.6

643

-208

ქუთაისი

124

11.6

70

54

 ბათუმი

112

10.5

156

-44

თელავი

89

8.3

52

37

გორი

76

7.1

52

24

ზუგდიდი

20

1.9

52

-32

ახალციხე

211

19.8

35

176

სულ

1067

100.0

1060

 

 წყარო:  ცხრილი შედგენილია  ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით. 

კვლევაში მონაწილე სტუდენტების უმეტესობა ეთნიკურად ქართველია, რიცხოვნობით მეორე ადგილზე სომეხი ეროვნების სტუდენტები არიან, ხოლო შედარებით მცირერიცხოვანნი -  „დანარჩენის“ კატეგორიაში მოხვდნენ (აზერბაიჯანელი, ოსი, ქისტი, უკრაინელი და სხვა ეროვნების წარმომადგენლები). მათი კონკრეტული ხვედრიწილები წარმოდგენილია შემდეგ სექტორულ დიაგრამაზე: 

 დიაგრამა  2. სტუდენტების განაწილება ეროვნების მიხედვით, %

 

წყარო:  დიაგრამა აგებულია ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით. 

კვლევის მონაწილეთა 66% ქალაქში ცხოვრობს და 3.2%-ის გარდა, ყველას აქტიური სტუდენტის სტატუსი აქვს. მათი 81% ბაკალავრიატში სწავლობს, თითქმის ყოველი მეორე სტუდენტის შინამეურნეობაში 4-5 წევრია, შინამეურნეობების 67%-ში 1 სტუდენტი და 1-2 სკოლამდელი, სკოლის მოსწავლე ან 60 წელს გადაცილებული ცხოვრობს. სტუდენტების უმრავლესობის (57%) მშობლების საშუალო ასაკი 41-50 წელია, მათი 58% სრულად ან ნაწილობრივ სახელმწიფო დაფინანსებით სარგებლობს. პანდემიამდე სტუდენტების უმრავლესობა (55.3%) არ მუშაობდა, დაახლოებით 11%-მა დაკარგა სამუშაო, ხოლო კვლავ დასაქმდა 6%-მდე. სტუდენტებს მიაჩნიათ, რომ მათი შინამეურნეობები საშუალო შემოსავლის მქონე (57%) ან დაბალშემოსავლიანია (43%). ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ გამოკითხული სტუდენტებიდან არცერთმა არ აღნიშნა, რომ მათი შინამეურნეობა მაღალშემოსავლიანია.

რესპონდენტების 2/3-ზე მეტის (70%) აზრით, პანდემიის პირობებში მათი შინამეურნეობების შემოსავლები ძირითადად შემცირდა, ხოლო 27%-ის პასუხით, უცვლელი დარჩა. შემოსავლები შემცირდა დაქირავებული შრომიდან, თვითდასაქმებიდან, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან, ქონებიდან გაქირავებიდან, ხოლო ძირითადად არ შეცვლილა შემოსავლების პროცენტი ანაბრიდან, სტიპენდიები, დახმარებები, უცხოეთიდან მიღებული გზავნილები, საჩუქრად მიღებული ფული, ქონების გაყიდვიდან, ფულის სესხებიდან ან დანაზოგის გამოყენებიდან.  უმნიშვნელოდ გაიზარდა ნომინალური პენსიების სიდიდე.

გამოკითხული სტუდენტების თითქმის ნახევარი (47%) აღნიშნავს, რომ  პანდემიის

პირობებში შინამეურნეობების ხარჯები გაიზარდა. მხოლოდ 19,7%-ის  აზრით,  ისინი უცვლელი დარჩა (იხ, დიაგრამა 3):          

დიაგრამა 3. შინამეურნეობის ხარჯები პანდემიის პირობებში 

 

წყარო:დიაგრამა აგებულია ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით. 

სტუდენტების აზრით, ხარჯები გაიზარდა კონკრეტულად სურსათზე, სასმელზე, თამბაქოს ნაწარმზე, საოჯახო მოხმარების საქონელზე, ჯანმრთელობის დაცვაზე, საცხოვრებელ სახლზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, გაზზე და სხვა სათბობზე, ტრანსპორტზე; ასევე გაიზარდა სხვა სამომხმარებლო ხარჯები და სასოფლო–სამეურნეო ხარჯები. უმნიშვნელოდ შემცირდა ხარჯები ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, უცვლელი დარჩა განათლებაზე, ტრანსფერტებზე, დაზოგვაზე ან გასესხებაზე და ქონების შეძენაზე (იხ. დიაგრამა 4):              

დიაგრამა 4. შინამეურნეობის ხარჯები პანდემიის პირობებში 

 

წყარო:  დიაგრამა აგებულია ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით. 

პანდემიის პირობებში სტუდენტთა უმრავლესობის (66%) ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად გაუარესდა, არ შეცვლილა 29%-ისთვის და მხოლოდ 5%-ისთვის გაუმჯობესდა. საგულისხმოა, რომ სტუდენტები ოპტიმისტურად უყურებენ მომავალს, რადგან მათგან 60.3%-ს მიაჩნია, რომ უახლოეს 2-3 წელიწადში მათი შინამეურნეობები საშუალოშემოსავლიანი იქნება, ხოლო 9 პროცენტი  მაღალშემოსავლიანთა კატეგორიაში გეგმავს გადანაცვლებას.                          

 დიაგრამა 5. ცხოვრების სტანდარტის ცვლილება 

 

წყარო: დიაგრამა აგებულია ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით. 

დასკვნა 

გამოკვლევის პროგრამა, მათ შორის კითხვარი, საშუალებას იძლევა  თაობათა შეხედულებების შედარებითი ანალიზის საფუძველზე მოვახდინოთ მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტის მაჩვენებლების პრეპანდემიური, პანდემიური და პოსტპანდემიური ტენდენციების გამოვლენა და შედარება, დავადგინოთ მოსახლეობის შემოსავლებისა და ხარჯების მოცულობის დიფერენცირებული ტენდენციები, გამოვავლინოთ შემოსავლებისა და ხარჯების სტრუქტურის სტრატიფიცირებული ტენდენციები, განვსაზღვროთ მოსახლეობის  ცხოვრების სტანდარტის მახასიათებელი სპეციფიკური სტატისტიკური მაჩვენებლები და გავიანგარიშოთ საშუალოვადიანი პროგნოზები.

ყოველივე ზემოაღნიშნული უზრუნველყოფს კვლევითი პროექტის მდგრადობას, რაც განპირობებული იქნება მიღებული თეორიული და პრაქტიკული შედეგების მრავალჯერადი გამოყენების შესაძლებლობით, როგორც სამეცნიერო, ისე პრაქტიკული (მმართველობითი) მიზნებიდან გამომდინარე. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. აბესაძე ნ., მინდორაშვილი მ., ფარესაშვილი ნ. უცხოელი ვიზიტორების ტურისტული ხარჯები საქართველოში. მონოგრაფია, თბილისი, თსუ, 2018. https://www.tsu.ge/data/file_db/economist_faculty/ucxoeli.pdf
  2. გელაშვილი ს., კორონასტატისტიკის  მაჩვენებელთა  სისტემის  ფორმირების შესახებ. ჟურნ.  ,,გლობალიზაცია და ბიზნესი“, #10,  თბ., 2020, გვ. 63-69.
  3. გელაშვილი ს., თოდრაძე გ. დასაქმებისა და შრომის ანაზღაურების გენდერული დისბალანსი ეკონომიკური საქმიანობების მიხედვით. მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ,,გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“  შრომების კრებული. თსუ, თბ., 2020, გვ. 107-114.
  4. მინდორაშვილი მ.,აბესაძე ნ., გიორგობიანი მ. სტუდენტების სოციალ-დემოგრაფიული მახასიათებლების სტატისტიკური ანალიზი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,   ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში. შრომების კრებული, თბილისი, 1-2 ნოემბერი, 2019, გვ. 265-269. https://old.tsu.ge/data/file_db/economist_faculty/konf%20IV.pdf
  5. მინდორაშვილი მ. შემოსავლების კომპონენტების სტატისტიკა საქართველოში.  სტატისტიკის თეორია და პრაქტიკა საქართველოში. საიუბილეო სამეცნიერო გამოცემა. ეძღვნება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 100 წლის იუბილეს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისი, გამომცემლობა „უნივერსალი“,  2019, გვ. 173-184.
  6. მინდორაშვილი მ. შინამეურნეობის სტატისტიკის მიკრო და მაკრო ასპექტები. III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში.“ კონფერენცია ეძღვნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს. შრომების კრებული, თსუ, 26-27 ოქტომბერი, 2018, გვ. 263-267. https://www.tsu.ge/data/file_db/economist_faculty/konference.pdf
  7. მინდორაშვილი მ. შინამეურნეობების სექტორის საკვანძო მაჩვენებლების როლი მაკროეკონომიკურ ანალიზში. სამეცნიერო გამოცემა „სტატისტიკის სწავლება და სტატისტიკური კვლევები საქართველოში“, გამომცემლობა „უნივერსალი“, თბ., გვ. 122-130, 2018, ISBN 978-9941-26-270-8 https://www.tsu.ge/data/file_db/ economist_faculty/ statistika_61265.pdf
  8. Simon Gelaschwili,  Matthias Theodor Vogt. Aspekte der Armut in modernen Georgien. Görlitz-Zgorzelec JG. XIX (2015/16), Beitrag 1.
  9. საქართველოს სტუდენტი ახალგაზრდობის დემოგრაფიული განწყობა. მონოგრაფია, ავტორთა კოლექტივი. თბილისი, თსუ, 2020, ISBN 978-9941-13-937-6. https://old.tsu.ge/data/file_db/economist_faculty/demografia.pdf
  10. უმაღლესი განათლება https://www.geostat.ge/ka/modules/categories/61/umaghlesi-ganatleba
  11. შინამეურნეობების შემოსავლები https://www.geostat. ge/ka/modules/ categories/ 50/shinameurneobebis-shemosavlebi
  12. შინამეურნეობების ხარჯები https://www.geostat.ge/ka/modules/categories/ 51/shinameurneobebis-kharjebi


[1] სტატია მომზადდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2021 წლის სამეცნიერო საგრანტო პროექტის ,,COVID-19პანდემიის გავლენა საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტზე“  ფარგლებში. 

[3] აქ  და შემდეგ მოტანილი დიაგრამები აგებულია ჩვენი კვლევის შედეგების მიხედვით.